სხვა 25 თებერვალი
საქართველოს ისტორია ვერ დაიკვეხნის მის გარშემო არსებული
დისკუსიის სიმრავლითა და ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ წლებია გრძელდება დისკუსია
გიორგი სააკაძის, გეორგიევსკის ტრაქტატისა და საქართველოს გასაბჭოების შესახებ, აღნიშნული
მსჯელობები მაინც ზედაპირული და ემოციურია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან
საუკუნის შემდგომ, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი
ისტორიის რაციონალური, მწყობრი გადახედვა და მნიშვნელოვანი აქცენტების დასმა, რომელიც პირველ რიგში ჩვენივე თავისა და აწმყოსათვის იქნება
სასიცოცხლო და ფუნდამენტური მნიშვნელობის.
დავიწყოთ ერთი მარტივი თარიღით- 25 თებერვლით.
ყოველ 25 თებერვალს მედია, სახელისუფლებო ჯგუფები
და არასამთავრობრო სექტორი აღნიშნავს საქართველოს გასაბჭოებას, მაგრამ რეალურად არის
კი 25 თებერვალი გასაბჭოების თარიღი ? ისტორია და ფაქტები სხვა რამეს ამბობენ.
1921 წლის 24 თებერვალს, გენერალ გიორგი კვინიტაძის ბრძანებით ქართულმა სამხედრო ნაწილებმა, რომელიც
დაახლოებით 10 000 -ს მეომარს ითვლიდა, თბილისის დატოვება დაიწყო სამომავლო სამხედრო
მანევრის განხორციელების იმედით. მთელმა რიგმა სამხედრო-ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა ამ
ნაბიჯის საწინააღმდეგოდ იმუშავა, ვერ მოხერდა
თბილისის მიდამოებზე ახალი შეტევის განხორციელება, თბილისში საბჭოთა ჯარი შემოვიდა,
ხოლო სამხედრო მეთაურობამ სამომავლო იერიშებზე ფიქრი დაიწყო. 25 თებერვლიდან მარტის
შუა რიცხვებაბმდე ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთის
წინააღმდეგ, მოსახლეობის უმეტესობა აღიარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
მთავრობის ლეგიტიმურობასა და კანონიერებას,
პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები მზად იყვნენ ბრძოლების გაგრძელებისათვის, ამას
მოწმობს მთელი რიგი საკანონმდებლო დადგენილებები, დამფუძნებელი კრების (საკანონმდებლო
ორგანოს) სხდომები ქუთაისში და ა.შ, საბოლოდ კი შეიძლება ითქვას რომ საქართველოს
გასაბჭოების თარიღად არათუ 1921 წლის 25 თებერვალი, არამედ 17 მარტი მივიჩნიოთ, დღე როდესაც ქართულმა სამხედრო და პოლიტიკურმა
ელიტამ წინააღმდეგობა შეწყვიტა და პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა. მორალის მხრივ კი
25 თებერვლით ისტორიის დასრულება სხვა არაფერია თუ არა იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების
ხსოვნის წაშლა, ვინც თავი გასწირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
ყველაზე პოპულარული
მითი მაინც იუნკერების მითია, მეხსიერების
პოლიტიკის ისეთი აღიარებული მკვლევარები, როგორებიც არიან იან და ალეიდა ასმანები, რაფაელ სამუელი, პიტერ ბერკი და პიერ ნორა სახელმძღვანელოების როლს
კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაში უდავოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენ თუ გადავხედავთ
ოფიციალურ სასკოლო თხრობის ტრადიციას, წავაწყდებით შემდეგს : "1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან,
კოჯორ-ტაბახმელასთან, წითელ არმიას საკამოდ მედგარი სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევა
მოუხდა, სანამ დედაქალაქს აიღებდა. საქართველოს დამოუკიდებლობას ძირითადად მოხალისე
კადეტები და იუნკერები იცავდნენ. ბევრი მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე."
"რეალურად კი თბილისს იცავდა 10000 მეომარი, მათგან სიით მხოლოდ 183 იუნკერი იყო,
დაიღუპა 9 - ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი,
ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები".
( დამ. იხილეთ დიმიტრი სილაქაძის ბლოგი), ხოლო ზემოთ მოთხრობილი ამბავი, სხვა არაფერია
თუ არა საკუთარი ისტორიის ფალსიფიცირება.
მეორე ფართოდ გავრცელებული მითი შეეხება მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ
ორიენტაციას. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ღრმადაა ფესვგადგმული რწმენა მენშევიკურ
საქართველოზე. კითხვაზე რა არის მენშევიკური საქართველო ჩვენ ვიცით მანამ სანამ, მასზე
პასუხის გაცემა მოგვიწევს. როცა ცივი გონებით, ფაქტებითა და კრიტიკული თვალით წავიკითხავთ
საქართველოს სამწლიან დამოუკიდებლობას, აღმოვაჩენთ რომ ეს იყო არა ვიწრო პარტიული გუნდი
, არამედ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება
- პოლიტიკური პლურალიზმის, რეალური საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების გამტკიცების, სეკულარიზმისა და მოდერნიზაციის ერთგული პოლიტიკური პროექტი, რომლის კანონიერება
და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნევით
აღიარა და ნდობა გამოუცხადა.
მესამე ყველაზე
დიდი პრობლემაა ისაა რომ ჩვენი ცოდნა ოკუპაციის შესახებ მხოლოდ ტფილისის ბრძოლებითა
და კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებით შემოიფარგლება,
ტფილისის გარდა წინააღმდეგობის კერა არსებობდა
იგივე დასავლეთ საქართველოში, რომელსაც მეთაურობა გენერალი ართმელაძე, საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო მოღვაწე. თბილისოცენტრისტული
მიდგომა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დედაქალაქის ზედმეტად დიდ სოციომენტალურ როლს და
მეორე პლანზე წევს საქართველოს სხვა კუთხეებსა
თუ ტერიტორიულ ერთეულებს.
მეოთხე განსახილველი საკითხი ძირითადად იარაღთან და საბრძოლო
მარაგებთანაა დაკავშირებული. როგორც დიმიტრი სილაქაძე წერს - "საარქივო მასალებიდან
ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის , როცა
საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო
მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი
მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ ქართული დელეგაციები ევროპაში,
საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს
ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამოდენიმე
მცირე პარტიის შემოტანა , რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი
იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ," ხოლო ჩემის მხრივ კი დავამატებდი რომ რთულ გეოპოლიტიკურ, იმპერიულ
საერთაშორისო ვითარებაში ახალშობილი საქართველოსთვის იარაღის გადაცემის საკითხი მეტად
პრობლემური იყო, მით უფრო პირველი მსოფლიო ომისშემდგომ, როდესაც გამარჯვებული სახელმწიფოები
ტერიტორიული გადანაწილებებით, გავლენის სფეროების შენარჩუნებითა და გავრცელებით იყვნენ
დაინტერესებულნი.
Comments
Post a Comment